English / ქართული /








Journal number 2 ∘ Izolda Chiladze
For the Development of Sericulture in Georgia

The purpose of the article is to study the development perspectives of the sericulture in Georgia. The subject of research is the silkworm culture in Georgia. In the study uses historical and statistical analysis methods.

Silk is an integral part of Georgian history. It was located on the way to the Great Silk Road, and as-yet in the15th century BC, the silk worm’s seed, and silk cocoon were exporting to foreign countries. But, for reason the constant attacks of hostile countries, the sericulture was often hindered in Georgia. In the twentieth century, savings were a massive employment for the Georgian population and an important source of monetary revenue.

In the 60s of the last century, 4.0-4,4 thousand tons of cocoon was produced in Georgia and the monetary income was 15.5-16,5 million rubles. Silk cocoon production was employed by 100-120 thousand households, and 5-6 thousand men in the silk industry. Unfortunately, at this time the mulberry disease, which destroyed about 15 million plants, made the silk cocoon catastrophically fell. Herewith, as a result of the political events that took place after the announcement of independence of Georgia, getting silk cocoon was completely stopped from 2002.

As a result of the research, the Georgian Agricultural Research Center, Silk Museum of Georgia, and the Ministry of Sustainable Development of Georgia are currently working on the programs the restoration of the gene pool of the mulberry and silkworm in Georgia, but the sericulture industry is stopped still in Georgia. No attempts are currently underway to make an investment in renewing industry of sericulture. While the demand and price for silk products on the world market are growing. For example, the price of the 1 kg silk rough thread is 58-55 dollars.

Thus, the death of the silk industry is a big irresponsibility the government of Georgia. Rehabilitation of the sericulture industry is necessary, which requires greater support from the government. In the silkworm production should be actively involved the farming industry,which will also promote the strengthening of the village. The serious challenges are ecological threats that the government needs very active and very thoughtful actions. The Government of Georgia shall provide financial support for the development of the Silk State Museum and the Scientific Institute of the Sericulture Private business and commercial banks to fund the population with the new varieties of mulberry plantation;

Keywords: Sericulture; Silk Seed; Silkworm; Silk Cocoon; Mulberry Plantation; Silk Rough Thread.

JEL Codes: O10, O11, O12

 მეაბრეშუმეობის განვითარებისათვის საქართველოში 

 

სტატიაში გამოკვლეულია მეაბრეშუმეობის არსებული ვითარება და მისი განვითარების გამოწვევები საქართველოში, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა. შესწავლილია მეაბრეშუმეობის დარგის წარსული და დღევანდელი მდგომარეობა და განვითარების შესაძლებლობები, გადმოცემულია დარგის მნიშვნელობა სოფლად მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის საქმეში. ასევე გამოკვლეულია საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგის დეგრადაციის მიზეზები. სტატიის დასკვნაში წარმოდგენილია ის აუცილებელი ღონისძიებები, რომელიც უნდა გატარდეს აბრეშუმის ჭიის თესლის, აბრეშუმის ჭიის და თუთის ხეების მოშენების მიმართულებით.

 

საკვანძო სიტყვები: მეაბრეშუმეობა; აბრეშუმის პროდუქტები; რეაბილიტაციის პროექტები; მოთხოვნა აბრეშუმის პროდუქციაზე.

 

ნატურალური აბრეშუმის ბოჭკო ერთ-ერთი ძვირფასი და ძვირადღირებული ნედლეულია საფეიქრო ბოჭკოებს შორის. ნატურალური აბრეშუმი ხასიათდება მაღალი ჰიდროსკოპული თვისებებით, კარგი სიმაგრითა და დრეკადობით, ჩინებული ბზინვარებით და მიმზიდველობით. აბრეშუმისგან ამზადებენ მსუბუქსა და ლამაზ ქსოვილებს, იყენებენ აგრეთვე მედიცინაში (ქირურგიულ ძაფად), ტექნიკაში (საიზოლაციო მასალად), თავდაცვის მრეწველობაში და სხვ [1; 3].

 

აბრეშუმი საქართველოში უძველესი დროიდან მზადდებოდა. ისტორიული წყაროების თანახმად, ძველ კოლხეთში (დასავლეთ საქართველო) ჯერ კიდევ ძვ. წ. XIY საუკუნეში იცოდნენ როგორც სელის, ასევე აბრეშუმის ძაფის დამზადების საიდუმლო. საქართველო „აბრეშუმის გზის“ არეალში მდებარეობდა, რაც მეაბრეშუმეობის განვითარებასაც უწყობდა ხელს. აბრეშუმის ქსოვილები უცხოეთშიც გაჰქონდა. მაგრამ, მტრების გამუდმებული თავდასხმებისა და ომების შედეგად აბრეშუმის ჭიის მოყვანა ორგანიზებული ხასიათის არ იყო. აბრეშუმი კუსტარულად მზადდებოდა. ცნობილია, რომ XIX საუკუნეში, ქალაქ ბათუმიდან უცხოეთში 10.6 ტ გრენი (ჭიის თესლი) გაუტანიათ [1]. 

 

ქართულმა აბრეშუმმა 1850 წელს ტუნისსა და 1862 წელს ლონდონში მოწყობილ საერთაშორისო გამოფენებზე მედლები დაიმსახურა. 1998 წელს კი თუთის აბრეშუმხვევიის ქართული ჯიშების პარკიდან ცივად ამოხვეული ძაფით დამზადებულმა ქსოვილმა, ესპანეთში მოწყობილ გამოფენაზე, ევროპის ხარისხის კომიტეტის ჯილდო - პლატინის ვარსკვლავი დაიმსახურა [4, გვ.45; 10. გვ,118]. 

 

XX საუკუნეში მეაბრეშუმეობა საქართველოში იყო მოსახლეობის მასობრივი დასაქმების საშუალება და ფულადი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო. გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში იწარმოებოდა 4,0-4,4 ათასი ტონა პარკი და ფულადი შემოსავალი 15,5-16,5 მლნ მანეთს შეადგენდა. აბრეშუმის პარკის წარმოებაში დასაქმებული იყო 100-120 ათასი ოჯახი, ხოლო აბრეშუმის მრეწველობაში - 5-6 ათასი კაცი. დარგში კონცენტრირებული იყო მძლავრი ინტელექტუალური რესურსი და სოლიდური კაპიტალური დაბანდება. სამწუხაროდ, სწორედ ამ ეტაპზე გავრცელდა თუთის დაავადება, რომელმაც 15 მლნ-მდე ძირი მცენარე გაანადგურა, აბრეშუმის პარკის დამზადება კატასტროფულად დაეცა. საქართელოში მომხდარი შიდა პოლიტიკური მოვლენების შედეგად კი 2002 წელს აბრეშუმის ჭიის პარკის დამზადება მთლიანად შეწყდა [4; 5; 8]. 

 

ამდენად, საქართველოში მაბრეშუმეობის დარგის რეაბილიტაცია და განვითარება დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა.

 

ისტორიული ექსკურსი

 

აბრეშუმის ჭიის ჯიშებს გეოგრაფიული წარმოშობის მიხედვით ხუთ მთავარ ჯგუფად ყოფენ: 1.დასავლეთ აზიის (მასში შედის მცირე და შუა აზიის პირობებში წარმოშობილი ჯიშები); 2. ევროპული; 3. იაპონური; 4. ჩინური; 5. კავკასიური [2, გვ. 72].

 

საქართველოში, აბრეშუმის ჭია ჩინეთიდან გავრცელდა და მეაბრეშუმეობა მისი ისტორიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. თვით ჩინეთში აბრეშუმის წარმოებას დიდი ისტორია აქვს. დასავლეთში კი საუკუნეების მანძილზე ძალიან ცოტა რამ იცოდნენ აბრეშუმისა და მისი დამამზადებლების შესახებ.

 

აბრეშუმის შესახებ წერდნენ აბრეშუმის გზის ცნობილი მოგზაურები: ფუ ჯეზი (Fu Jiezy. I), ბენ ჩაო (Ban Chao, II ს), ბენ იანგ (Ban Yong, III ს), ზენჯ ქინ (Zhang Qian. II ძვ.წ.), ხუანზენგ (Xuanzang, VII ს.), მარკო პოლო (Marco polo, XII ს) და სხვები. მათ თავიან ჩანაწერებში მრავლად აქვთ ინფორმაცია აბრეშუმის პარკის და ქსოვილებით ვაჭრობის შესახებ ჩინეთსა და აზიაში, ასევე საქართველოში [6; 9; 10; 12].

 

აბრეშუმის დიდი გზა ტრადიციულად იყო ჩინეთის, სპარსეთის, თურქეთის, ყირგიზეთის ტრანსკონტინენტური სავაჭრო-საქარავნო გზა. რომელიც ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვების სანაპიროებთან აკავშირებდა. ამ გზით ვაჭრობას დასაბამი მიეცა ძვ.წ. II საუკუნეში. აბრეშუმის დიდი გზა ორ განშტოებად მიემართებოდა დასავლეთისკენ. ერთი, ჩრდილოეთის გზა, კასპიის ზღვის გავლით ამიერკავკასიას უკავშირდებოდა, გადაკვეთდა საქართველოს და ფაზისიდან (ახლანდელი ფოთი) შავი ზღვით ბიზანტიასა და რომს უკავშირდებოდა.

 

საქართველოში, როგორც ისტორიული წყაროები მოწმობს, დიდი ხნიდან არსებობდა როგორც აბრეშუმის პარკის პირველად გადამამუშავებელი, ასევე აბრეშუმის ქსოვილების დამზადების შინა მრეწველობა. შრომის მეთოდები, რა თქმა უნდა, პრიმიტიული იყო. სტრაბონის ცნობით საქართველო უძველესი დროიდან განთქმული იყო მატყლის, აბრეშუმის, სელისა და სხვა ძვრფასი ქსოვილების წარმოებით, რომელიც მზადდებოდა შინამრეწველური წესით. თბილისში მრავლად იყვნენ ფეიქრები და აბრეშუმის ქსოვილის დამამზადებლები, რომელთაც ზოგჯერ სპარსეთსა და რუსეთში იწვევდნენ. XIX საუკუნის ბოლოს, მარტო ზუგდიდის მაზრაში 300-ზე მეტი აბრეშუმის საქსოვი მარტივი დაზგა აღმოჩნდა. აბრეშუმის ნაწარმი უმთავრესად იყიდებოდა ხონის, ლანჩხუთის, სენაკის, ზუგდიდის, აბაშის, დიდი ჯიხაიშის და ქუთაისის ბაზრებზე [1, გვ.42].

 

ცხადია, ასეთი შინამრეწველობის პირობებში დამზადებული აბრეშუმის ძაფი რუსეთის იმპერიის მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებდა. 1827 წელს ქ. თბილისში იტალიელმა კასტელამ, იმპერატორის ბრძანებით ძაფსართავი ფაბრიკის მშენებლობისათვის მიიღო 80000 მანეთი ვერცხლი. იტალიელი კასტელა რუსეთის ხელისუფლებას არწმუნებდა, რომ საქართველოში მებრეშუმეობის განვითარებისა და აბრეშუმის მრეწველობის (ძაფსახვევი და ძაფსაგრეხი მანუფაქტურის) განვითრების გზით ხაზინას შეუნარჩუნებდა იმ დიდ ხარკს, რასც რუსეთი ოქროს სახით უხდიდა უცხოეთს აბრეშუმის ნაწარმისათვის და ამასთანავე, რუსეთი თვითონვე დაიწყებდა საკუთრი აბრეშუმით ევროპის მომარაგებას.

 

კასტელის ზემოთ დასახელებულ ფაბრიკაში დადგმულ იქნა 10 დაზგა და მუშაობდა 20 მუშა. 1829 წელს ეს წარმოება გადაკეთდა აბრეშუმის ძაფის ამოსახვევ სასწავლო სახელოსნოდ. მას უნდა მოემზადებინა ძაფის ამომხვევები საქრთველოს სხვადასხვა მხარეებიდან. მაგრამ, ეს წარმოება, რომელიც უფასო შრომას და უფასო ნედლეულის გამოყენებას ემყარებოდა, სასურველ შედეგს ვერ იძლეოდა და ეს გასაკვირი არც იყო, რის გამოც, მთავრმართებელმა გოლოვინმა აღძრა შუამდგომლობა სახელმწიფო ქონების სამინისტროს წინაშე ამ სასწავლო-სახელოსნოს დახურვის მოთხოვნით, რაც დაუყოვნებლივ განხორციელდა [3, გვ. 341].

 

ამის შემდეგ, კიდევ რამდენიმე უცხოელის მიერ (ბერძენი მარკო პოლო, ფრანგი როზმორდუკი, კ.დეფურე) გახსნილი ფაბრიკებიც მალევე დაიხურა. 1901 - 1902 წლებში მოსკოვის სავაჭრო პალატამ დაბა სამტრედიაში ააგო ძაფსაღები და ძაფსართავი ფაბრიკა, რომელიც იმ დროისათვის საუკეთესოდ ითვლებოდა მთელ კავკასიაში. სოციალისტური რევოლუციის შემდეგ იგი ჩამოერთვა კერძო მფლობელებს და გადაეცა საქართველოს აბრეშუმის ტრესტს.

 

ამდენად, აბრეშუმის გზის მეშვეობით საქართელოს მსოფლიო ბაზარზე გაჰქონდა აბრეშუმის პარკი, გრენა (ჭიის თესლი), ქსოვილები და სხვა ნაწარმი. მეაბრეშუმეობამ საქართველოში წარმატებით გაუძლო მრავალსაუკუნოვან ისტორიას და მისი საყოვლთაო სახალხო სიყვარულით დღემდე არსებობს.

 

მეაბრეშუმეობა XX საუკუნის საქართველოში

 

XX საუკუნის დასაწყისში საქართველო მეფის რუსეთის კოლონია იყო და მეაბრეშუმეობის განვითარებას დიდი ყურადღება არ ექცეოდა. ასეთი დამოკიდებულება შეიცვალა საბჭოთა პერიოდში, როცა მთლიანად აბრეშუმის მოყვანისა და წარმოების ინდუსტრია ორ ძირითად დარგად იყოფოდა და შესაბამისი სამინისტროების პასუხისმგებლობაში იყო. კერძოდ, მეაბრეშუმეობა გრენის შექმნიდან აბრეშუმის პარკის მიღებამდე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეროგატივა იყო, ხოლო მიღებული აბრეშუმის პარკიდან ძაფის ამოხვევასა და ქსოვილების დამზადებას მსუბუქი მრეწველობის სამინიტრო მართავდა. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ძაფსახვევი და საქსოვი ფაბრიკები გაიხსნა თბილისში, ქუთისში, თელავში, წულუკიძეში და ა.შ., რამაც აბრეშუმის ქსოვილების წარმოების მოცულობაც გაზარდა.

 

მეაბრეშუმეობა მოიცავდა შემდეგ რგოლებს (ღირებულებათა ჯაჭვი): 1. საწყისი სპეციალური რესურსები, როგორიცაა: ა) აბრეშუმის თესლის (ანუ გრენის) სელექცია და დამზადება; ბ) თუთის ჯიშების სელექცია და სანერგე ბაზა;

 

2. ნედლი პარკის წარმოება: ა). აბრეშუმის ჭიის გამოკვებას და გამოზრდას; ბ). ნედლი პარკის გაშრობას;

 

3. ხამი ძაფის წარმოება - აბრეშუმის პარკისაგან ძაფის ამოხვევა;

 

4. ხამი ძაფის რეალიზაცია.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო მეაბრეშუმეობის სამმართველო, რომელიც თავის მხრივ მართავდა „რაიაბრეშუმს“ (აბრეშუმის რაიონული სამმართველო), სასელექციო სადგურს, საგრენაჟე (გრენის, ანუ აბრეშუმის თესლის მწარმოებელ) ქარხანას და ასევე მონიტორინგს უტარებდა კოლმეურნეობების მფლობელობაში არსებულ თუთის სანერგეებს. იმ პერიოდისთვის არსებობდა 48 აბრეშუმის რაიონული სამმართველო, 2 სასელექციო სადგური, სადაც აბრეშუმის თესლიდან ჭიის გამოყვანა ხდებოდა და 5 საგრენაჟე (სათესლე) ქარხანა. რაი-აბრეშუმს ეკუთვნოდა 150 პარკსახმობი, სადაც ხდებოდა აბრეშუმის ნედლი პარკის გამოშრობა და ასევე გააჩნდა თუთის საკუთარი სანერგეები საკვები ბაზის უზრუნველსაყოფად [8]. მაშასადამე, საქართველოში მზადდებოდა აბრეშუმის ჭიის თესლი ანუ გრენა, აბრეშუმის პარკი და აბრეშუმის ხამი ძაფი. გავრცელებული იყო სანერგე ბაზა თუთის ხეების პლანტაციების სახით.

 

საქართველოში თუთის მეცნიერულ სელექციას თითქმის საუკუნოვანი ისტორია აქვს. XX საუკუნის 60-იან წლებში საბჭოთა კავშირში დარაიონებული თუთის 7 ჯიშიდან, 5 საქართველოში იყო გამოყვანილი. იმავე პერიოდში აბრეშუმის პარკის წლიური დამზადება 4-4,5 ათას ტონას აღწევდა, ხოლო ფულადი შემოსავალი 16 მლნ მანეთს აღემატებოდა. დარგში სეზონურად დასაქმებული იყო 100-120 ათასი ოჯახი, ხოლო მიღებული პროდუქციის გადამუშვებას 5-6 ათასი კაცი ემსახურებოდა. თუთის აბრეშუმმხვევიის ჯიშებიდან ცნობილია მზიური 2, რომლის ჰაერმშრალი პარკის აბრეშუმიანობა შეადგენს 50%-ს, ხამი ძაფის გამოსავლიანობა 43%-ს, ხოლო პარკის ძაფის სიგრძე 2232 მეტრია [10, გვ. 119].

 

მეაბრეშუმეობის ძირითადი პროდუქციის საერთო დინამიკის ანალიზი აჩვენებს, რომ (იხ. ცხრილი 1), XX საუკუნის 60-ანი წლებიდან აბრეშუმის პარკის დამზადება საქართველოში პერმანენტულად მცირდებოდა. მეაბრეშუმეობის კრიზისი განაპირობა 1964 წლიდან დასავლეთ საქართველოში გაჩენილმა თუთის მიკროპლაზმურმა დაავადებამ „ფოთლის სიხუჭუჭემ“, რომელმაც 15 მლნ ძირზე მეტი თუთის ხე გაანადგურა [8; 10; 11].

 

მეაბრეშუმეობის განვითარების ძირითადი მაჩვენებლების დინამიკა XX საუკუნის საქართველოში [4, გვ. 94]

 

ცხრილი 1

 

 

საგანგებო ღონისძიებების გატარების შედეგად (მ.შ. ახალი ნერგების დარგვა), ოპერატიული მონაცემებით, საქართველოში 1990 წელს აღრიცხული იყო 20 მლნ თუთის მცენარე, რომელიც 24%-ით აღემატებოდა 1964 წლის მაჩვენებელს. სამწუხაროდ, 1964-1990 წლებში გაწეული ძალისხმევა, მიღწეული წარმატებები და კაპიტალური დაბანდება მავათა უყაირათობის შედეგად თითქმის მთლიანად უშედეგო აღმოჩნდა [11]. ამასთან, 1980-იანი წლებიდან ქვეყანაში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების კიდევ უფრო ნეგატიური ზეგავლენის შედეგად აბრეშუმის პარკის წარმეობა კატასტროფულად დაეცა და ბოლოს, 2002 წლიდან, მთლიანად შეწყდა. ასე, რომ ყველაფერი თავიდან დასაწყები გახდა.

 

მეაბრეშუმეობის განვითარების გამოწვევები საქართველოში

 

XXI საუკუნის მეორე ათწლეულში საქართველოში აბრეშუმის პარკის წარმოების აღდგენის რამდენიმე ფრაგმენტული მცდელობა იყო, ყველა ეს არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა და მათი უმეტესობა მცირე ზომის კუსტარული წარმოების გამართვაზე იყო ორიენტირებული. 2007 წელს ბოლნისში დამზადებულა აბრეშუმის პარკი, მაგრამ, მთავრობის მიერ გამოყოფილი არასაკმარისი თანხების გამო, შემდეგი საფეხურების გავლა ვერ მოხერხდა.

 

2014-2015 წლებში საქართველოში შეიქმნა რამდენიმე კოოპერატივი (ლანჩხუთის, ვანის, მარნეულის, ხარაგაულია. ახმეტის რაიონებში), რომელთა საქმიანობას აბრეშუმის პარკის წარმოება წარმოადგენდა. 2016 წელს გურჯაანშიც ერთმა ოჯახმა დაიწყო აბრეშუმის ჭიის მოშენება. 2015 წელს „ქართული აბრეშუმის კორპორაციის“ მიერ შემოტანილ იქნა 100 ათასი თუთის ჰიბრიდული ნერგი, რომელიც უფასოდ დაურიგდა ქართველ ფერმერებს. მაგრამ, მათი საქმიანობა ჯერ ისევ ფრაგმენტული ხასიათისაა.

 

მეაბრეშუმეობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ძირითადად აქცენტი კეთდებოდა (პუბლიკაციები, ღონისძიებები, მცირე ზომის პროექტები და ა.შ.) თუთის და ჭიის გენოფონდის აღდგენაზე და გლეხური მეურნეობების ჩართულობით და დასაქმებით დარგის აღდგენაზე. 2015 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრის მიერ გამოცემულ იქნა ცნობარი „აბრეშუმის ჭიის მოვლა“, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ უნდა მოხდეს საჭიე ფართის მომზადება და მისი დეზინფექცია, აბრეშუმის ჭიის მოვლა სხვადასხვა ეტაპზე და გამოკვების წესები, თუთის ფოთლის შენახვა, ცახის შერჩევა, დამზადება და დადგმა, აბრეშუმის ჭიის მოვლა პარკის ახვევის პერიოდში და პარკის გამოკრეფის წესები [7].

 

ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს „ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის“ მიერ, 2015 წელს, დამუშავებულ იქნა მეაბრეშუმეობის რეაბილიტაციის პერსპექტიული ბიზნესპროექტი „აბრეშუმის სახლი“ [8]. ის მეაბრეშუმეობის დარგის განვითარების ინიცირებისათვის ხელსაყრელი მოდელია, რომელიც ითვალისწინებს ინდუსტრიულად საწარმოო სიმძლავრეების შექმნას აბრეშუმის ხამი ძაფის წარმოებისათვის. საქართველოს „ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი“ შეიქმნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2014 წლის ოქტომბერში. ჯგუფი ხელს უწყობს საქართველოში ახალი ეკონომიკური საქმიანობების წამოწყებას და განვითარებას სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და ვერტიკალური ინტეგრაციის გზით. „აბრეშუმის სახლი“ წარმოადგენს აბრეშუმის ხამი ძაფის წარმოების მაშტაბური ხასიათის ბიზნეს- მოდელს, რომელიც მოიცავს: ხამი ძაფის ამოხვევის საწარმოს; აბრეშუმის ჭიის გამოკვების საწამოო ფართს და მასთან არსებულ ნედლი (ცოცხალი) აბრეშუმის პარკის შენახვისათვის საჭირო ფართს და დანადგარებს; თუთის ხეების ინდუსტრიულად გაშენებულ პლანტაციებს. მაშასადამე, აღნიშნულ მოდელი ითვალისწინებს ერთი დასახელების შუალედური პროდუქტის - აბრეშუმის ნედლი (ცოცხალი) პარკის და ერთი დასახელების საბოლოო პროდუქტის - აბრეშუმის ხამი ძაფის წარმოებას [8. გვ.3].

 

აღსანიშნავია, რომ ბიზნესმოდელის ფარგლებში წარმოდგენილი ორივე პროდუქტით ვაჭრობა განხორციელდება საერთაშორისო ბაზარზე, თუმცა, აბრეშუმის პარკის გაყიდვის შემთხვევაში, ის გაშრობას საჭიროებს. ამასთან, აბრეშუმის ხამი ძაფის ხარისხი შედარებით მაღალია თუკი ის იწარმოება ნედლი პარკიდან და არა მშრალი პარკიდან. ამდენად, აღნიშნული მოდელი ითვალისწინებს აბრეშუმის ხამი ძაფის წარმოებას ნედლი პარკიდან.

 

აღნიშნული მოდელი არ წარმოადგენს კონკრეტული საწარმოს ბიზნესგეგმას და საჭიროებს დამატებით დამუშავებას კონკრეტული საწარმოო შესაძლებლობების გამოსაკვები ბაზის შერჩევის შემთხვევაში. ასევე,მოდელი არ ითვალისწინებს გლეხური მეურნეობების მიერ წარმოებული აბრეშუმის პარკის შესყიდვას და აბრეშუმის პარკის შრობის საწარმოო პროცესს. რაც მის ხარვეზად მიგვაჩნია. „აბრეშუმის სახლის“ ბიზნესმოდელს, მისი ფინანსური მომგებიანობის მიუხედავად, აქვს საკმაოდ ხანგრძლივი ინვესტიციის უკუგების პერიოდი და შედარებით დაბალი შიგა უკუგების განაკვეთი. ასეთი, შიგა უკუგების განაკვეთის მქონე ბიზნესმოდელის დაფინასება საქართველოში არსებული კომერციული ფინანსური კაპიტალის მეშვეობით პრაქტიკულად შეუძლებელია. მეორე მხრივ, „აბრეშუმის სახლის“ ბიზნესმოდელის პრაქტიკაში 1000 ჰა-ზე მეტი მოცულობის საკვები ბაზის (თუთის პლანტაციების) მქონე ერთეულებად განხორციელება გართულებულია მიწის ფონდის დანაწევრებულობის და ერთიანი მიწის ფონდის ნაკლებობის გამო. შესაბამისად, „აბრეშუმი სახლის“ ბიზნესს მოდელის განხორციელება პრაქტიკაში უპრიანია საშუალო ზომის ბიზნესერთეულების სახით - 100-200 ჰა საკვები ბაზის უზრუნველყოფით. ამდენად, „აბრეშუმის სახლის“ ბიზნესმოდელის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან სტრატეგიული და ფინანსური მხარდაჭერის მეშვეობით, აღნიშნავენ თვით მოდელის ავტორები [8].

 

ვეობით, აღნიშნავენ თვით მოდელის ავტორები [8]. რაც შეეხება სს „საქაბრეშუმს“, მის ბალანსზე დღეისათვის დარჩენილია გარკვეული რაოდენობის შენობა-ნაგებობები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ასევე სასოფლო და არასასოფლო მიწის ნაკვეთები. სს „საქაბრეშუმი“ გაკოტრების პროცესშია და ამჟამად არ მიმდინარეობს არანაირი მცდელობა ან ინვესტიციის ჩადება მეაბრეშუმეობის ინდუსტრიის განახლებისთვის [5, გვ.9]. 2016 წლის 28 ივლისს სოფლის მეურენობის მეცნიერებათა აკადემიაში მოეწყო მრგვალი მაგიდა თემაზე: „მეაბრეშუმეობის დარგის რეაბილიტაცია, კოოპერირება და ნედლეულის წარმოება“. გაიმართა დისკუსია BACSA-ს (მეაბრეშუმეობის საერთაშორისო ასოციაციის), როგორც საქართველოში აბრეშუმის ჭიის გენოფონდის აღდგენისა და მეაბრეშუმეობის დარგის განვითარების კოორდინატორის შესახებ, გამოითქვა ბევრი საინტერესო წინადადება [11]. 2017 წელს აზერბაიჯანის ქ. შეკში გაიმართა მეაბრეშუმეობის საერთაშორისო ასოციაციის (BACSA) მერვე საერთაშორისო კონფერენცია, სადაც საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგის არსებულ მდგომარეობასა და განვითარების საკითხებზეც იმსჯელეს.

 

ამრიგად, საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგის შემორჩენილი მეცნიერები, პრაქტიკოსები, აბრეშუმის მუზეუმი თუ ახლადშექმნლი კვლევითი ცენტრები, ჩართული არიან საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგის რეაბილიტაციის პროექტების დამუშავების საქმეში, მაგრამ, პრაქტიკული შედეგები ჯერჯერობით არ ჩანს.

 

ბაზრის მოთხოვნები აბრეშუმის პროდუქციაზე

 

მეცნიერთა აზრით, ნატურალური აბრეშუმი მსოფლიოში ჯერჯერობით შეუცვლელია, რაც მრავალი კეთილშობილური თვისებებითაა გამოწვეული. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ხელოვნური ბოჭკოს (კაპრონის) და აბრეშუმის ძაფის სათანადო შერევით მიიღება ჯანმრთელობისათვის უვნებელი, გამძლე და ლამაზი ქსოვილი, რომელიც არ იჭმუჭნება და აქვს მიმზიდველი შესახედაობა. ხოლო მისი თვითღირებულება ნატურალურ აბრეშუმთან შედარებით 20-25%-ით დაბალია. ყოველივე ამის შედეგად, აბრეშუმის ბუნებრივი ბოჭკოს წარმოება მსოფლიოში ზრდის ტენდენციით ხასიათდება [4, გვ. 42].

 

„აბრეშუმის სახლის“ პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევებით ირკვევა, რომ საქართველოში ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა აბრეშუმის პარკსა, თესლსა და აბრეშუმის ხამ ძაფზე, მართალია მცირედ, მაგრამ, თანდათან იზრდება. 2014 წელს საქართველოში შემოსულია მცირე ოდენობის აბრეშუმის პარკი 0.44 (იხ. ცხრილი 2), აბრეშუმის ძაფი 0.12 და აბრეშუმის ქსოვილები 66.05 ათ აშშ დოლარის ოდენობით. სულ 66,44 ათასი, თუმცა უცნობია, რომელი ქვეყნიდან [8, გვ. 11].

 

ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა შემოიფარგლება მხოლოდ აბრეშუმის ძაფის, ქსოვილებისა და უშუალოდ აბრეშუმის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე. საერთაშორისო ბაზარზე კი იზრდება მოთხოვნები ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა აბრეშუმის ჭია, გრენა და პარკი.

 

საქართველოში ამჟამად არ ხორციელდება აბრეშუმის ძაფებისა და ქსოვილების წარმოება. შესაბამისად, ადგილობრივი ბაზრის საერთო წლიური თანხობრივი მოცულობა განისაზღვრება იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2014 წელს ადგილობრივ ბაზარზე 66 ათასი აშშ დოლარის ღირებულების აბრეშუმის ნაწარმი შემოვიდა, მათ შორის აბრეშუმის ძაფი, ქსოვილები და მცირე ღირებულების აბრეშუმის პარკი (იხილეთ ცხრილი 2]. ბოლო 3-4 წლის მანძილზე. ყველაზე დიდი ღირებულების პროდუქცია 2012 წელს შემოვიდა, ხოლო 2015 წლის იანვარი-ივნისის პერიოდისათვის მხოლოდ მცირე ღირებულების აბრეშუმის ძაფის იმპორტი დაფიქსირდა.

 

ადგილობრივ ბაზარზე შემოსული აბრეშუმის ნაწარმი ძირითადად საქართველოში რჩება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადგილობრივი წარმოება ბაზრის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. საერთაშორისო ბაზარზე კი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირვას აბრეშუმის ჭიას, გრენას და პარკს [8, გვ. 12].

 

2012-2015 წლებში საქართველოში იმპორტირებული აბრეშუმის ნაწარმი [8, გვ. 12] (ათასი აშშ დოლარი)

 

ცხრილი 2

 

 

აბრეშუმის საერთაშორისო ბაზარზე ძირითად სავაჭრო პროდუქტებია აბრეშუმის პარკი, ხამი ძაფი და ასევე აბრეშუმის პარკის ნარჩენები. ქვეყნები, რომლებსაც არა აქვთ განვითარებული აბრეშუმის ადგილობრივად წარმოება ან აბრეშუმის ნაწარმის დეფიციტს განიცდიან, აქტიურად ახდენენ პროდუქციის იმპორტს აბრეშუმის მსხვილი მწარმოებლებისგან.

 

აბრეშუმის პარკის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყნები ძირითადად აზიაშია. მსოფლიოში ყველაზე დიდი ექსპორტიორები და იმპორტიორები არიან: ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, ესპანეთი. თუმცა ასევე მნიშვნელოვანი მწარმოებელია ბრაზილია, ტაილანდი, ვიეტნამი, ირანი, ჩრდილო და სამხრეთი კორეა.

 

ჩინეთის მიერ წარმოებული აბრეშუმის პარკი იზრდება ყოველწლიურად, დანარჩენი ქვეყნების კი (ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი უზბეკეთი) მეტ-ნაკლებად ფიქსირებულია (იხ. ცხრილი 3). 2015 წელს ჩინეთის მიერ წარმოებულმა აბრეშუმის პარკმა დაახლოებით 637 ათასი ტონა შეადგინა.

 

აბრეშუმის პარკის წარმოება (ტ) [4, გვ. 40-42]

 

ცხრილი 3

 

 

ჩინეთი წარმოადგენს როგორც მსოფლიოს უმსხვილეს აბრეშუმის მწარმოებელს, ასევე უმნიშვნელოვანეს სავაჭრო რგოლსაც, რომელიც გამოირჩევა იმპორტისა და ექსპორტის დიდი მოცულობით. თუმცა ბოლო პერიოდში მისი პოზიციები თანდათან ეცემა.

 

უზბეკეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა აბრეშუმის ბაზარზე. შავი და კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები ზოგადად გამოირჩევიან მეაბრეშუმეობის უძველესი კულტურით, თუმცა რეგიონში არსებული ქვეყნების დიდმა ნაწილმა საგრძნობლად შეამცირა ან საერთოდ შეწყვიტა აბრეშუმის წარმოება (მაგ. ყირგიზეთი). ამავდროულად, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში თავდაპირველად მხოლოდ მცირედით შემცირდა, ხოლო შემდგომ კი გაიზარდა კიდევაც წარმოება. უზბეკეთი ამჟამად აწარმოებს აღნიშნული რეგიონის აბრეშუმის 80%-ზე მეტს. ქვეყნის სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია მეაბრეშუმეობის ინდუსტრიის შენარჩუნებასა და განვითარებაზე, რაც ხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებითა და ინვესტიციებით მეაბრეშუმეობის დარგში.

 

მაშინ როდესაც უზბეკეთმა შეძლო მეაბრეშუმეობის დარგის შენარჩუნება და განვითარება, შავი და კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების უმეტესობაში აბრეშუმის ინდუსტრია შეიკვეცა ან საერთოდ შეწყდა. აღნიშნული ცვლილება განპირობებული იყო შემდეგი ფაქტორებით: საერთაშორისო ბაზარზე ახალი სინთეზური ქსოვილების გამოჩენა; აბრეშუმის პარკის ფასების არასტაბილურობა ადგილობრივ ბაზრებზე; სწრაფი ურბანიზაცია და ინდუსტრიალიზაციის პროცესის დაწყება; სოფლის მეურნეობის სხვა დარგების შედარებით უფრო მეტი მომგებიანობა (მაგალითად ბამბა, შაქრის ჭარხალი, სიმინდი); მოძველებული ტექნოლოგიები და შესაბამისად აბრეშუმის ძაფის დაბალი ხარისხი; თუთის ფოთლის დაავადება, რამაც საგრძნობლად შეამცირა მოსავლიანობა და ხარისხი.

 

კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნებიდან ირანი, აზერბაიჯანი და თურქეთი აქტიურად არიან ჩართულნი აბრეშუმის ინდუსტრიაში. რაც შეეხება საქართველოს, სომხეთსა და რუსეთს, აღნიშნული ქვეყნები შედარებით უფრო პასიური მოთამაშეებია, თუმცა, მათი დაინტერესების შემთხვევაში კავკასიის რეგიონის სავაჭრო ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდება.

 

ირანის აბრეშუმის ბაზარი საკმაოდ განვითარებულია კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით. აბრეშუმის პარკის წარმოება შეადგენდა 3300 ტონას, ხამი ძაფის 900 ტონას. იგი ასევე ვაჭრობს აბრეშუმის პარკით, ხამი ძაფით და ნარჩენებით მსოფლიო ბაზარზე. ირანი ახორციელებს აბრეშუმის პარკისა და ძაფის იმპორტს და აბრეშუმის პარკის ნარჩენების ექსპორტს. იმპორტი ძირითადად ხორციელდება უზბეკეთიდან და თურქმენეთიდან, ხოლო ექსპორტი - ჩინეთში [8].

 

თურქეთის აბრეშუმის ბაზარზე იწარმოება 50 ტონა ხამი ძაფი და 120-150 ტ პარკი და საექსპორტოა მათი მხოლოდ მცირე ნაწილი. ადგილობრივი ბაზრის სიდიდისა და ასევე განვითარებული მსუბუქი მრეწველობის ფონზე თურქეთი ახდენს აბრეშუმის ძაფისა და ნარჩენების მნიშვნელოვან იმპორტს. ექსპორტი ძირითადად ხორციელდება ჩინეთში, ინდოეთსა და ირანში, ხოლო იმპორტის შემთხვევაში პარტნიორი ქვეყნებია უზბეკეთი, ასევე ინდოეთი და ჩინეთიც.

 

აზერბაიჯანში აბრეშუმის წარმოება ერთობ მცირე მასშტაბით შემოიფარგლება. კერძოდ, 2008 წლიდან 2013 წლამდე აზერბაიჯანში აბრეშუმის პარკის წარმოება 24 ტონიდან 1 ტონამდე შემცირდა. იგი ძირითადად ახორციელებს აბრეშუმის პარკის იმპორტს ყაზახეთიდან და ხამი ძაფის ექსპორტს ირანში. იგი ასევე ვაჭრობს თურქეთსა და ჩინეთთან აბრეშუმის პარკის ნარჩენებით.

 

რაც შეეხება რუსეთს, ის ახდენს მხოლოდ აბრეშუმის ხამი ძაფის იმპორტს ჩინეთიდან და უზბეკეთიდან, ხოლო სომხეთი 2008 წლიდან ანხორციელებს აბრეშუმის ძაფის იმპორტს [8].

 

სპეციალისტების გათვლებით, კავკასიის რეგიონში საქართველოს აქვს პოტენციალი მომავალში დაიკავოს მნიშვნელოვანი საბაზრო წილი. ამ მხრივ საქართველოს უპირატესობას წარმოადგენს მისი ტერიტორიული მდებარეობა და არსებობს აბრეშუმის პარკისა და ხამი ძაფის გატანის შესაძლებლობა აზერბაიჯანში, თურქეთსა და რუსეთში [8].

 

სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს მონაცემებით, აბრეშუმის პარკის იმპორტი 2010-2012 წლებში კავკასიის რეგიონის მასშტაბით განახორციელა ირანმა და აზერბაიჯანმა. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის აბრეშუმის პარკის იმპორტი მცირეა, საქართველოს წარმოების პოტენციალის მასშტაბის გათვალისწინებით, ის შესაძლოა მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი გახდეს. რაც შეეხება კონკურენტებს, აზერბაიჯანის ბაზარზე ძირითადი კონკურენტი ყაზახეთია, ხოლო ირანის სავაჭრო პარტნიორები კი ავღანეთი, ტაჯიკეთი, თურქეთი და უზბეკეთი. მიუხედავად კონკურენტების სიმრავლისა, საქართველოს შეუძლია საკუთარი მცირე ნიშა დაიკავოს ბაზარზე.

 

რაც შეეხება აბრეშუმის ხამი ძაფის იმპორტს კავკასიის რეგიონში, ამ მხრივ გასაღების ბაზარი გაცილებით დიდია. აბრეშუმის ხამი ძაფის იმპორტს ახორციელებს თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და ირანი, რომელთა ბოლო 3 წლის იმპორტის საშუალო ჯამური რაოდენობა 543 ტონას შეადგენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კავკასიის რეგიონის საშუალოწლიური იმპორტის მოცულობა დაახლოებით 543 ტონაა, საიდანაც საქართველოს შეუძლია დაიკავოს მნიშვნელოვანი საბაზრო წილი. რაც შეეხება კონკურენტებს, ესენი არიან: უზბეკეთი, თურქმენეთი, ჩინეთი და ბრაზილია [8].

 

საქართველოს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა ამჟამად შემოიფარგლება მხოლოდ აბრეშუმის ძაფის, ქსოვილებისა და უშუალოდ ტანსაცმლისა და აქსესუარების საბაზრო მოთხოვნით. რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, აბრეშუმის ინდუსტრიის განვითარების დონე ქმნის მოთხოვნას ისეთ პროდუქციაზე როგორიცაა აბრეშუმის ჭია, გრენა და პარკი.

 

მებრეშუმეობის დარგის გამოწვევები და რეაბილიტაციის გზები საქართველოში

 

საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგი ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს. გრენის სელექცია და მზადება ხორციელდება მცირე მოცულობით, ძირითადად სამეცნიერო მიზნებისათვის. მოქმედ მდგომარეობაში შენარჩუნებულია მხოლოდ ხონის სასელექციო სადგური.

 

საბჭოთა პერიოდში, პარკის შეგროვება, პირველადი დამუშავება და ხამი ძაფის ამოხვევა ორგანიზებული იყო „საქაბრეშუმის“ დაქვემდებარებაში მყოფი და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სადგურების დახმარებით. დღესდღეობით, აღნიშნული ინფრასტრუქტურა განადგურებულია. ხოლო, 22 არასასოფლო-სამეურნეო ობიექტი წარმოადგენს სს „საქაბრეშუმის“ ქონებას და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიმდინარეობს ამ საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი.

 

მცირე და საშუალო ფერმერებს არ გააჩნიათ საკმარისი რესურსი ნედლი პარკის დამუშავებისა და ხამი ძაფის ამოხვევის პროცესის სათანადოდ ორგანიზებისათვის. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პროდუქტის სტანდარტიზაციისა და ხარისხის შენარჩუნების თავლსაზრისით, არ არის მიზანშეწონილი ხამი ძაფის ამოხვევა კუსტარულ პირობებში.

 

ასევე, დარგის სპეციალისტების მოსაზრებით, წლების განმავლობაში დარგის უმოქმედობის გამო, აბრეშუმის ჭიის შენარჩუნებული ადგილობრივი ჯიშების ვარგისიანობა ინდუსტრიული გამოყენების თვალსაზრისით და მათი მდგრადობა დაავადებების მიმართ საეჭვოა. თუმცა, იმავე სპეციალისტების აზრით, სათანადო ბიოქიმური მეთოდების გამოყენებით, შესაძლებელია აბრეშუმის ჭიის დაავადებების თავიდან აცილება და პარკის გამოსავლიანობის ამაღლება[2, გვ. 70-87].

 

ამასთან, საქართველოში კი ჯერ კიდევ მწვავეა ეკოლოგიური გარემოს დაცვის პრობლემა. დღემდე, პრაქტიკულად არაეფექტიანია გარემოზე სისტემური ზედამხედველობისა და რეაგირების ღონსძიებათა სისტემა. საფრთხეები ცნობილი ხდება მხოლოდ არასასურველი ფაქტის მოხდენის შემდეგ. რეალობა ადასტურებს, რომ საქართველოს ბუნება დიდი ეკოლოგიური საფრთხეების წინაშე იმყოფება. ყოველივე ეს, დაავადებების მიმართ თუთის ახალი ჯიშების მდგრადობას ეჭვქვეშს აყენებს.

 

შესაბამისად, აბრეშუმის ჭიის ადგილობრივი გენოფონდის აღდგენა/შექმნა და თუთის პლანტაციების დაცა დაავადებებისაგან დიდ ყურადღებას მოითხოვს მთავრობის მხრიდან.

 

ასევე, მთავრობამ დღემდე ვერ შეძლო სისტემური ხასიათი მისცემოდა აბრეშუმის პარკის წარმოებას საქართველოში, ვერ განახორციელა ინვესტიციები დარგის რეაბილიტაციის მიზნით.

 

მიუხედავად მრავალი საინტერესო პროექტის და წინადადებების არსებობისა, დღეისათვის მეაბრეშუმეობის დარგი საქართველოში და მასთან ერთად მეაბრეშუმეობის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტი განადგურებულია. მასზე ზრუნვა თითოოროლა ენთუზიასტი მეცნიერის და პრაქტიკოსის ინიციატივაზეა მიტოვებული. ასევე უყურადღებოდაა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, რომლის კედლები ლამის ჩამოინგრეს. მაშინ როდესაც იგი ის იშვიათი ადგილია, სადაც ქართული აბრეშუმის ისტორიის გაცნობა შესაძლებელი. ადგილია, სადაც ლამაზი წარსულის გვერდით, გთრგუნავს დღევანდელი მტვერმიყრილი სინამდვილე.

 

მეაბრეშუმეობის დარგის სახელმწიფო პრიორიტეტად გადაქცევა დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. არსებობს რიგი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც შეიძლება განისაზღვროს რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს აღნიშნული დარგის ჩამოყალიბებამ და განვითარებამ ამა თუ იმ ქვეყნისთვის.

 

მეაბრეშუმეობა ეკოლოგიურად სუფთა დარგია, რადგან წარმოების პროცესში გამოყოფილი ნარჩენების უტილიზაცია ან მათი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა დანიშნულებისათვის, რაც კიდევ უფრო ხელსაყრელია მეაბრეშუმეებისთვის.

 

მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, მეაბრეშუმეობის განვითარება ხელსაყრელია ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც ხასიათდებიან შემდეგი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებით: ინდუსტრიალიზაციის დაბალი დონე; სოფლის მოსახლეობის მაღალი წილი; უმუშევრობის მაღალი დონე; იაფი მუშახელი. მაშასადამე, საქართველლოში ამ დარგის აღდგენა სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისითაც მისაღებია.

 

მეაბრეშუმეობის დარგის აღდგენის მიზნით საქართველოს შეუძლია საერთაშორისო, არამედ საკუთარი გამოცდილებებიც გამოიყენოს. საქართველოში არიან ამ დარგის მეცნიერებიც და პრაქტიკოსებიც, რომლებსაც ამ მიმართულების ადეკვატური პროექტები აქვთ შექმნლი. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ე.წ. - „აბრეშუმის სახლი“, რომელზეც ზემოთ აღვნიშნეთ და რომლის წარმატებაც დამოკიდებულია საკვები ბაზის ხარისხსა და მდგრადობაზე. აბრეშუმის ჭიის იმპორტი არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ სიძნელეებთან, მაგრამ, საქართველოს პირობებზე ადაპტირებული თუთის თესლნერგების მისაწვდომობა კრიტიკულია ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობისათვის. ამდენად, აღნიშნული ბიზნესმოდელის განხორციელებისას მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა საკვები ბაზის უზრუნველყოფის მიმართულებით, კერძოდ თესლნერგების გამოყვანა.

 

მაგალითად, ჩინეთი სპეციალიზებულია მეაბრეშუმეობის ყველა საფეხურზე, რომელიც იწყება გრენის მოყვანით და გრძელდება მსუბუქი მრეწველობით. სახელმწიფო, განვითარების თითოეულ ეტაპზე ასტიმულირებს ტექნოლოგიების განახლებას და მინიმუმამდეა დაყვანილი აბრეშუმის ჭიის დაავადების გავრცელების რისკი. იქ არსებული გამოცდილება შეიძლება საქართველომაც გამოიყენოს.

 

მდგრადი საკვები ბაზა გულისხმობს თუთის პლანტაციების საქართველოს კლიმატურ და მიწის პირობებზე ადაპტირებულ და საქართველოსთვის დამახასიათებელი თუთის დაავადებების მიმართ მდგრადი ჯიშების არსებობას, და გაშენებას. მაგალითად, ქართველი მეცნიერების მიერ დამუშავებულია ბუნებრივი თბილი წყლით გამთბარ გრუნტში დაავადებათა გამძლე თუთის ჯიშების კალმების დაფესვიანებით სანერგეების მოწყობა [2; 5].

 

„აბრეშუმის სახლის“ ბიზნესმოდელის პრაქტიკაში 1000 ჰა-ზე მეტი მოცულობის საკვები ბაზის (თუთის პლანტაციების) მქონე ერთეულებად განხორციელება გართულებულია პრივატიზების შედეგად მიწის ფონდის დანაწევრებულობის და ერთიანი მიწის ფონდის ნაკლებობის გამო. შესაბამისად, „აბრეშუმი სახლის“ ბიზნესმოდელის განხორციელება პრაქტიკაში უფრო მოსახერხებელია საშუალო ზომის ბიზნესერთეულების სახით - 100-200 ჰა საკვები ბაზის უზრუნველყოფით.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, „აბრეშუმის სახლის“ ბიზნესმოდელის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან სტრატეგიული და ფინანსური მხარდაჭერის მეშვეობით.

 

აბრეშუმის პარკის დამზადებაში უფრო მარტივია ოჯახების ჩართვა, რადგან ასეთი პრაქტიკა საქართველოში არსებობდა და მოსახლეობასაც აქვს აბრეშუმის მოვლის გამოცდილება. ამასთან, მიწებიც პრივატიზებულია.

 

სახელმწიფოს მიერ მეაბრეშუმეობის დარგში განათლების სისტემის ჩამოყალიბება და განვითარება აგრეთვე ხელს შეუწყობს დარგის სწრაფ რეაბილიტაციას.

 

დასკვნები და წინადადებები

 

ამრიგად, თუთის ფოთლის დაავადების გავრცელების შედეგად და ასევე, საქართველოში მომხდარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების გავლენით, მეაბრეშუმეობის ინდუსტრია თანდათან შეიკვეცა და ბოლოს, პრაქტიკულად მისი არსებობა შეწყდა. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე იყო მისი აღდგენის მცდელობა, მა­გრამ საერთო სახელმწიფოებრივი კოორდინაციის არარსებობის გამო, ყველა კერძო მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, ის ჯერჯერობით, ისევ გაჩერებულია. ვითარება ძალიან მძიმეა, რაც საქართველოს მთავრობისა და ქართული ბიზნესის დიდ უპასუხისმგებლობად მიგვაჩნია.

 

მეაბრეშუმეობა მოითხოვს ხელით შრომას, ამიტომ ის მისაღებია საქართველოსთანა განვითარებადი ქვეყნისათვის. ის სოფლის მოსახლეობის დასაქმებას იწვევს, სჭირდება შედარებით ნაკლები ინვესტიცია და ნედლეულით უზრუნველყოფს ქსოვილების წარმოებას. ბაზრის მოთხოვნა კი აბრეშუმის ქსოვილზე, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღია, სულ უფრო იზრდება. ამასთან, აბრეშუმის ერთეულის ფასი თითქმის ოცჯერ აღემატება ბამბის ერთეულის ფასს.

 

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში დღეისათვის არსებობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის და ამ დარგის მეცნიერებისა და პროფესიონალების მიერ დამუშავებული მნიშვნელოვანი პროგრამები, ღონისძიებები და რეკომენდაციები, რომელთა განხორციელება რეალურად შესაძლებელია და გააცოცხლებს მეაბრეშუმეობას საქართველოში. მაგრამ, სამწუხაროდ, არ ჩანს მთავრობის პოლიტიკური ნება და ადეკვატური პასუხიმსგებლობა პრობლემების რეალური მოგვარების მიმართულებით.

 

ჩვენი აზრით, მეაბრეშუმეობის აღდგენის მიზნით აუცილებელია გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

 

შეიქმნას საქართველოს სამთავრობო დოკუმენტი - „საქართველოში მეაბრეშუმეობის აღდგენისა და განვითარების სტრატეგიის შესახებ“, რომლის განხორციელებას ზედამხედველობას გაუწევს საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის სათანადო კომიტეტი მეაბრეშუმეობის დარგის მეცნიერებთან ერთად.

 

უპირატესობა უნდა მიენიჭოს აბრეშუმის პარკის ოჯახურ წარმოებას, სადაც თანდათან დაინერგება გამოკვების ახალი მეთოდები და სხვა შესაბამისი ტექნოლოგიები. შემდეგ ეტაპზე შეიძლება შეიქმნას კოოპერატივები (ამხანაგობები);

 

დიდი მუშაობაა ჩასატარებელი საქართველოს თუთის და თუთის აბრეშუმმხვევიის მდიდარი გენოფონდის აღდგენა-შენარჩუნებისათვის, რაც მეცნიერების მიერ თეორიულად დამუშავებულია და განხორციელება სჭირდება;

 

შესაძლებელია საბოლო პროდუქტის წარმოება (ხამი ძაფი, ქსოვილი, გრენა) მოხდეს ეტაპობრივად;

 

მეაბრეშუმეობის ეფექტიანობის ამაღლებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება არამარტო პარკის ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ პარკში აბრეშუმიანობის პროცენტის ამაღლებას, რაც ახალი მაღალპროდუქტიული ჯიშების გამოყვანას და დანერგვას მოითხოვს;

 

საჭიროა მეაბრეშუმეობის დარგში განათლების ახალი სისტემის ჩამოყალიბება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შეიძლება გაიზარდოს მეაბრეშუმეობის სპეციალისტების რაოდენობა, რომლებიც სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად მუდმივ ზედამხედველობას და დახმარებას გაუწევენ საქართველოს რაიონებში მეაბრეშუმეობის აღდგენა-განვითარების პროცესს;

 

საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დააფინანსოს მეაბრეშუმეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის აღდგენა-განვითარების პროექტები;

 

კერძო ბიზნესმა, მ.შ. კომერციულმა ბანკებმა სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამების ფარგლებში უნდა დააფინანსონ ოჯახების მომარაგება დაავადებების მიმართ გამძლე ჯიშის თუთის ნერგებით; ქვეყანაში მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი თუთის ხეებისა და აბრეშუმის ჭიის დაავადებების გავრცელების რისკი.

 

მოყვანილი და სხვა სათანადო ღონისძიებების დანერგვისა და განხორციელების შედეგად მოხდება მეაბრეშუმეობის აღდგენა და განვითარება საქართველოში, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სოფლად ქალების, მოზარდების, მოხუცების და უნარშეზღუდული პირების დასაქმებასაც კი და შესაბამისად, ოჯახების შემოსავლების ზრდას.

 

გამომდინარე იქედან, რომ მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა აბრეშუმზე, ამიერკავკასიაში შეიქმნება კარგი საერთაშორისო პერსპექტივები აბრეშუმის პროდუქციის მოთხოვნაზე. მეაბრეშუმეობის განვითარების შედეგად, საქართველო თანდათან აბრეშუმის ექსპორტსაც შეძლებს, რაც ხელს შეუწყობს უცხოური ვალუტის მოზიდვას ქვეყანაში.

 

ლიტერატურა:

 

1. ბოცვაძე ს. მეაბრეშუმეობა საქართველოში, თბ., 1964.

 

2. ბრეგვაძე თ., გამა რადიაციის გავლენა თუთის აბრეშუმხვევიას ცხოველმყოფელობაზე, დისერტაცია, თბ., 2016.http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000177/tamar%20 bregadze%20disertacia.pdf

 

3. გუგუშვილი პ. კაპიტალიზმის განვითარება ამიერკავკასიასა და საქართველოში, თბ.,1941.

 

4. ნიკოლეიშვილი გ., შაფაქიძე ე. მეაბრეშუმეობა - შავი, კასპიის ზღვების და ცენტრალური აზიის რეგიონების ქვეყნების (BACSA) საერთო საზრუნავია. თბ., 2014.

 

5. ნიკოლეიშვილი გ., შაფაქიძე ე. საქართველოს მეაბრეშუმეობა: პრობლემები, რაბილიტაცია, აღორძინება, თბ., 2016 .

 

6. აბრეშუმის დიდი გზა https://ka.wikipedia.org/wiki/wiki/; https://ka.wikipedia.org/wiki/%E1

 

7. აბრეშუმის ჭიის მოვლა. საქართველოს სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი. http:// srca.gov.ge/files/%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A8%E1%83% A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%90.pdf

 

8. ბიზნეს მოდელი „აბრეშუმის სახლი“, აბრეშუმის წარმოების შესაძლებლობების და ბაზრის კვლევა. თბ., 2015.მოგზაურები აბრეშუმის შესახებ https://www.travelchinaguide. com/silk-road/history/

 

9. საქართველო, ჩვენი ფსეულობები, სოფლის მეურნეობა, გამომცემლობა პალიტრა, მეაბრეშუმეობა საქართელოში, თბ., 2016.

 

10. საქართველოს სოფლის მეურენობის მეცნიერებათა აკადემია, რეკომენდაცია. თბ., 2014. http://www.gaas.dsl.ge/pdf/recomendations_2014-2015/2014-

 

11. Chinese Silk – Silk History, Production, and Products. http://www.chinahighlights.com/ travelguide/culture/chinese-silk.htm